Tuesday, July 11, 2017

"ტრაგედია უგმიროთ"-ის მიხედვით

1. იმსჯელეთ მამის სულიერ მდგომარეობაზე (თქვენი აზრით, რამ აიძულა იგი შვილებისთვის უკანასკნელი ლუკმა წაერთმია).
2. იმსჯელეთ იმ ვითარებაზე, რომელიც იხატება ამ ბავშვებისა და მამის გარშემო (მიაქციეთ ყურადღება გარემოსა და ადამიანებს)
3. თქვენი აზრით, რა არის ამ ნოველის მთავარი სათქმელი და რა მხატვრული საშუალებებით არის რეალიზებული?

ალბათ, იმაზე საშინელი არაფერია, როცა შენი ყოველი დღე იწყება და მთავრდება ფიქრით, რომ როგორმე კიდევ გაუძლო, როგორმე გადაურჩე გაჭირვების კიდევ ერთ დღეს...სწორედ ამ საზარელი განცდითაა გამსჭვალული მოცემული ნოველის მთავარი გმირის თითოეული დილა თუ საღამო. ჩვენ ვეცნობით ადამიანს, რომელიც არაბუნებრივ ვითარებაშია, რომელსაც შია, რომლის შვილებსაც შიათ. ვხედავთ ტრაგიკულ სახეს შიმშილისაგან გაწამებული ადამიანისა, რომელსაც შვილებიც მეტოქეებად მიუჩნე­ვია, სიცოცხლისათვის, თავის გადარჩენისათვის გამწარებულ ბრძოლაში; მის დატანჯულ, დამძიმებულ, "მშიერ" გულში ახლა მხოლოდ შიმშილის ინსტინქტია, "ერთი ფიქრიც არ ჩნდებოდა თავში". სწორედ ამ ინსტინქტებს მიჰყავს ხოლმე ადამიანები ფატალურ შედეგებამდე, უჩვეულო ქმედებებამდე, იმ ნაბიჯებს ადგმევინებს, რომლებსაც ადამიანი ჩვეულებრივ სიტუაციაში არ გადადგამდა. ამ შემთხვევაში კი შიმშილს მიჰყავს იმ მდგომარეობამდე ადამიანი, რომ სრულიად გაუაზრებლად მოქმედებს. ნუთუ ჩვეულებრივ ყოფაში არსებობს მამა, რომელიც ბავშვებს ბოლო ლუკმას შეუჭამს? ეს უბრალოდ შიშია დაღუპვისა, ამ შიშმა, ცარიელმა კუჭმა გააჩინა თვითგადარჩენის ინსტინქტი, რომელმაც აიძულა საბრალო კაცი ბავშვებისთვის წაერთმია უკანასკნელი ლუკმა...
საყურადღებოა ასევე გარემო, რომელშიც ამბავი ვითარდება. ჩვენ თავდაპირველად მხოლოდ ნათლიას ვეცნობით, რომელიც დიდი გაჭირვებით იმეტებს ნახევარ ჯამ ფქვილს საბრალო ოჯახისათვის. ამ ნათლიის სახის ნათელსაყოფად და ოჯახის გარშემო არსებული ვითარების გასაგებად კი ფინალია საინტერესო. მას შემდეგ, რაც მამა თავს იკლავს, როგორია გარშემომყოფების რეაქცია? უზარმაზარი ტრაგედია მოხდა, ახალგაზრდა კაცმა თავი ჩამოიხრჩო თავი, მაგრამ არავის, არც ნათლიას და არც მეზობელს, მისი დარდი არ აქვს. არავინ ამბობს საწყალი როგორი უბედური იყო, როგორი ცხოვრება ჰქონდა, ეს რა გადაიტანაო..ამის ნაცვლად ნათლიას იმის ეშინია, რომ მას არ გააზრდევინონ ბავშვები და მეზობელი შიშობს, რაიმე არ დაბრალდეს მას: "რაღა ჩემი ბაწრით ჩამოიხრჩო თავი ამ ოჯახქორმა!" ამდენად, გარემო გულგრილი, უხეშია. ადამიანები მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ და ეს ეგო თვალებს უხვევს, თვალებს, რომლითაც მათ სხვისი უბედურება უნდა დაინახონ და გულთან მიიტანონ...
მართალია, მამამ საშინელი ცოდვა ჩაიდინა, თუმცა ამ ცოდვის სიმძიმეს თავიდანვე ვერ აანალიზებს. იგი უმცროს ბავშვთან დიალოგის მერე იცვლება, როდესაც პატარა ეუბნება მამას "მომეცი...არ გაგამხელ"...სწორედ ამ მომენტიდან ხედავს, რომ არა მხოლოდ თვითონ დაიდო უზარმაზარი ცოდვა, არამედ თავის შვილშიც ცოდვა დაბადა. სწორედ ახლა ხედავს ყველაზე უკეთ მთელ სიმძიმეს მათი მდგომარეობისა...ამდენად, მწერალმა ამ ნოველაში გამოგვცა სულიერი დაცემა მზრუნველი მამისა, უდიდესი ტრაგედია ადამიანების სულისა, გვაჩვენა, როგორ ანადგურებს ცხოვრების სისასტიკე, გაჭირვება ზნეობრივ სიმტკიცეს. აქ გადმოცემულია, როგორ ეგოისტურად იქცევიან ადამიანები ყველაზე კრიტიკულ სიტუაციებშიც კი, სადამდე შეიძლება დასცეს რეალობის დაუნდობლობამ ადამიანი, რად გადააქციოს და რა გააკეთებინოს...
ნიკო ლორთქიფანიძის მხატვრული სამყარო ნაწარმოებებისა ერთიორად საინტერესოა. პირველ რიგში, საინტერესოა სათაური "ტრაგედია უგმიროთ" - სავარაუდოდ, იმიტომ, რომ ნამდვილი გმირი ტრაგედიისა არ ჩანს. ის კულისებშია და იქიდან ათამაშებს ადამიანებს. ეს "გმირი' არის შიმშილი, რომელსაც ადამიანი ამ მდგომარეობამდე მიჰყავს. როგორც იმპრესიონისტული მწერლობის ნიმუშში, ამ ნოველაში შექმნილია კონკრეტული განწყობილება, შტრიხები, ფრაგმენტები აფიქსირებს შთაბეჭდილებას. მწერალი შეგნებულად არღვევს სინტაქსის ნორმებს, ყველაფერი დანაწევრებულია, დამოკლებულია. დამახასიათებელია ასევე სახელდებითი წინადადებები - "ჭადი, ბავშვები, ხარი". ეს სამი სიტყვა სრულიად საკმარისია, რომ მამის უმძიმესი სულიერი მდგომარეობა დავინახოთ, რომ აღვიქვათ მისი დანაწევრებული, დახლეჩილი ცნობიერება. "ჭადის სუნმა მამაც აიტაცა. კეციდან ჭადი აიღო, გატეხა, გასაგრილებლად დაბერა და "გასასინჯათ" ლუკმა პირში ჩაიდვა" - საოცარია ამ წინადადებების დინამიკურობა, ექსპრესია, რომელიც უეცრად ცოდვის შემსწრედ გვაქცევს.

არსებობს მოსაზრება, რომ ადამიანი სხვებს კი არ უნდა ეჯიბრებოდეს, არამედ ისწრაფოდეს გაიმარჯვოს საკუთარ თავზე.

ადამიანების ცხოვრება თავისთავად სწრაფვაა უკეთესისკენ. ჩვენ ყოველთვის გვინდა მეტი და მეტი, უკეთესი და უკეთესი პირად თუ კარიერულ ცხოვრებაში. ეს გასაკვირი არც არის და მისაღებიცაა, რომ ადამიანი ცდილობს სრულყოფას. ნაწილისთვის ეს გზა გულისხმობს სხვებთან შეჯიბრებას, ნაწილი კი საკუთარ თავს ეჯიბრება. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ კონკურენტუნარიანები ვიყოთ სხვათათვის, მაგრამ, ვფიქრობ, ადამიანმა ნებისმიერ შემთხვევაში წინსვლა საკუთარი თავის გამოსწორების გზით უნდა დაიწყოს. ის, რომ შევძლებთ ჩვენს თავზე გამარჯვებას და ანგარიშგასაწევ ძალად ვიქცევით, თავისთავად დიდი გამარჯვებაა და წარმატებისკენ გადადგმული უდიდესი ნაბიჯი.
ჩემი შეხედულებით, ზემოთ აღნიშნული ყველაზე თვალსაჩინოდ პროფესიულ ცხოვრებაში ვლინდება. ნებისმიერი კარიერული წინსვლა მოითხოვს, რომ ჯერ შენი თავი გარდაქმნა და ასე 'ებრძოლო' სხვას. მაგალითად, შენ ხარ ექიმი, მსახიობი თუ მასწავლებელი, ყველა შემთხვევაში გჭირდება იყო საუკეთესო ექიმი, მსახიობი ან მასწავლებელი. ის, ვინც შენზე უკეთესია, ყოველთვის შენზე უკეთესად დარჩება, თუ თავად არ განვითარდი, ვერანაირი 'ხრიკები' ვერ წაგწევს მასზე წინ.
მეორე მხრივ, არ უნდა უარვყოთ ისიც, რომ მხოლოდ საკუთარი თავის დახვეწა საკმარისი არ არის და უნდა გავითვალისწინოთ კონკურენტის განვითარების დონეც. სწორედ ეს მიგვითითებს რამდენად ძლიერები უნდა გავხდეთ. ნებისმიერ სფეროში ჯანსაღი კონკურენცია გვაძლევს ხარისხს. მაგალითად, უამრავ კალმების მწარმოებელ ფირმას შორის მყიდველი ყოველთვის მეტად ხარისხიანს და ხელმისაწვდომს მიანიჭებს უპირატესობას. ეს დანარჩენ კომპანიებს აიძულებს კიდეც გაზარდონ თავიანთი პროდუქციის ხასისხი.
ამდენად, სხვათა წინსვლა ადამიანს შესაძლოა რაღაც ბარიერების გადალახვაში დაეხმაროს. მართალია, ჩვენ მაინც ჩვენი თავების მიმართ უნდა ვიყოთ მომთხოვნი და მაქსიმალისტები, მაგრამ, გვინდა თუ არ გვინდა, გარკვეულ წილად ეს მაინც ხდება შეჯიბრება...

მოსახლეობის ნაწილი მიიჩნევს, რომ სკოლებში ერთ-ერთ პრობლემას წარმოადგენს ფსიქოლოგიური ძალადობა - ბულინგი. ამისი ძირითადი მიზეზია კულტურა, რომელსაც ქმნიან ადამიანები, რომელთათვისაც მისაღებია აგრესიაზე დაფუძნებული ურთიერთობა, სახელმწიფოს მიდგომა კი პრობლემის აღმოსაფხვრელად ჯერ არ ჩამოყალიბებულა.

თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და განხილვადი თემაა ძალადობა. ძალადობა თავისი ფორმებით თითქმის ყველგან იჩენს თავს. თუ, საბედნიეროდ, ჩვენ მისი მსხვეპლი არ ვართ, თავისუფლად შეიძლება მოწმე ვიყოთ. მისი ერთი ფორმა - ფსიქოლოგიური ძალადობა ანუ, როგორც მას უწოდებენ, ბულინგი, სამწუხაროდ, ჩვენი სკოლების ერთ-ერთ უდიდეს პრობლემად გვევლინება. ბულინგი ყველგან შეიძლება გამოვლინდეს, ნებისმიერი მოსწავლის მიმართ, რომელიც თავისი სოციალური სტატუსით, გარეგნობით, შეხედულებებით, ქცევებით სხვისთვის მიუღებელი და გამაღიზიანებელია. ასეთ შემთხვევაში ძალადობას ქმნიან ისინი, ვისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა აგრესიაზე დაფუძნებული ურთიერთობა და თავის მხრივ, ისინიც, ვისაც არ შეუძლია ხმა ამოიღოს და შეეწინააღმდეგოს მას. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ამ მოვლენის მიმართ არ არსებობს ჩამოყალიბებული ბრძოლის გზები და სათანადო მიდგომა სახელმწიფოსგან.
ჩემთვის სკოლის გარემო და შიდა ურთიერთობები უცხო ნამდვილად არ არის. ამიტომ თავისუფლად შემიძლია შევაფასო რამდენად დიდი მასშტაბი ამ პრობლემის და როგორი არასათანადო სიტუაციაა ჩვენს სკოლებში. როდესაც ჩვენ ბავშვებს ყოველთვის ვეუბნებით, რომ დაცინვა მიუღებელია და ერთმანეთს პატივი სცენ, ხშირად გვავიწყდება, რომ ისინი ასეთ საქციელს სადღაც ხედავენ და ინსტიქტურად იმეორებენ. ოჯახური მდგომარეობა, პრობლემები არც ისე იშვიათი წინაპირობაა ბულინგის დაწყებისა. ამას გარდა, საკუთარი გამოცდილებიდან მახსენდება მასწავლებლებიც, რომლებიც (თუნდაც არაბოროტად, ხუმრობით) ხშირად ასხვავებენ ბავშვს გარკვეული ნიშნით და ამით ბიძგს აძლევენ სხვებს, რომ მას დასცინონ. პედაგოგიური უნარების სიმცირე, სათანადო მოუმზადებლობა, არცოდნა ფსიქოლოგიისა - ამ ყველაფერს მივყავართ იქამდე, რომ მასწავლებლები ხშირ შემთხვევებში თავადვე ვერაფერს ხდებიან ძალადობის წინააღმდეგ, მათ არ აქვთ არანაირი რესურსი მოაგვარონ უდიდესი პრობლემა...ასეთ დროს დამნაშავე შეიძლება ვუწოდოთ სახელმწიფოს, რომელიც ვერ ახერხებს პედაგოგების სერიოზულ გადამზადებას, რომელიც ვერ აძლევს მათ საკმარის ფსიქოლოგიურ განათლებას და შესაბამისად ძალას საბრძოლველად. სკოლებში აღარ გვყავს ფსიქოლოგი (რომელიც ადრე გვყავდა, თუმცა თითქმის უფუნქციო იყო), არ ტარდება გაკვეთილები, რომლებზეც ამ ურთიერთობებს განიხილავენ და ისაუბრებენ. კიდევ ერთი, მანდატურის სამსახური, რომელიც სახელმწიფომ ამგვარი სიტუაციების ასარიდებლად შემოიღო, სრულიად უუნაროა, რამდენადაც დღეს მანდატურს უბრალო პოლიციელის გარეგნული ფორმა აქვს და რეალურად არ გააჩნია საკმარისი შესაძლებლობა და ცოდნა, გადაჭრას ურთულესი საკითხები...
ამდენად, ვფიქრობ, მხოლოდ სათანადო მომზადება თუ დაგვეხმარება, რომ ვებრძოლოთ ბულინგს. სახელმწიფომ აუცილებლად უნდა ჩაუტაროს ტრენინგები გამოუცდელ მასწავლებლებს, მანდატურებს, სკოლებში უნდა დაინერგოს ფსიქოლოგის ინსტიტუტი და შეიქმნას საერთო სულიერი მზადყოფნა პრობლემის აღმოსაფხვრელად. დღეს კი, როცა არ არსებობს შესაბამისი მეთოდები და გზები, ძალიან ძნელია ბულინგის დამარცხების იმედი გვქონდეს...

არსებობს მოსაზრება რომ გლობალიზაცია საფრთხეს უქმნის ქვეყნების დამოუკიდებლობას და ეს ახალი ტიპის კოლონიზაციას წააგავს.

ტერმინი გლობალიზაცია "საყოველთაოს" ნიშნავს. ეს არის პროცესი, რომელშიც მსოფლიო თითქოს პატარავდება, ერთიანდება. ქვეყნები უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას კულტურულ, საგანმანათლებლო, სოციალურ თუ პოლიტიკურ საკითხებში. ჩემი აზრით, ეს ყველა სახელმწიფოსთვის არის საშუალება გახდეს მსოფლიოს ნაწილი და ჩაერთოს მნიშვნელოვან პროცესებში.
გლობალიზაციასთან დაკავშირებით განსხვავებული შეხედულებები არსებობს. მე ვფიქრობ, რომ ეს ყოველი ჩვენგანისთვის არათუ საფრთხე, არამედ შესაძლებლობაა. მაგალითად, სტუდენტებს საშუალება აქვთ, გაემგზავრონ სხვა ქვეყნებში, მიიღონ იქაური განათლება, გაიზიარონ ევროპისა და სხვა ქვეყნების გამოცდილება. თუნდაც ვიზა-ლიბერალიზაცია, რომელიც ყოველგვარ საზღვარს არღვევს, არის შანსი ვიმოგზაუროთ, დავათვალიეროთ, ბევრი საინტერესო რამ ვნახოთ. მომღერლები, მოცეკვავეები დადიან საზღვარგარეთ, გააქვთ ჩვენი ქვეყნის კულტურა, აცნობენ მსოფლიოს. სპორტსმენები ასპარეზობენ უამრავ შეჯიბრში და ბევრი აღწევს წარმატებას და იმკვიდრებს თავს მსოფლიო სპორტში.
ამდენად, ნებისმიერი ადამიანისთვის შეიძლება ეს პროცესი მომგებიანი იყოს, თუმცა მედალს ორი მხარე აქვს.  მსოფლიოს ასეთ გაერთიანებას ბევრი ახალი ტიპის კოლონიზაციად თვლის. ისინი ფიქრობენ, რომ საფრთხე ექმნება ქვეყნების დამოუკიდებლობასა და ეროვნულ თვითმყოფადობას. ჩემი აზრით, საფრთხე მართლაც არსებობს, მაგრამ ისე შეიძლება გლობალიზაციის მონაწილედ ყოფნა, რომ მხოლოდ დადებითი მივიღოთ. მაგალითად, ყველასთვის ცნობილი გლობალიზაციის მაგალითია "მაკდონალდსი". ცნობილია, რომ ინდური "მაკდონალდსის" მენიუში არ არის ძროხის ხორცი, რადგან ინდოელები მას არ მიირთმევენ, ასევე მუსლიმები და იუდეველები არ მიირთმევენ ღორის ხორცს და არც მომხმარებელს სთავაზობენ; გერმანიაში კი მენიუს დამატებული აქვს ლუდი. ამ შემთხვევებში ქვეყნებმა არ დაკარგეს ჩვეულებები, არ დაივიწყეს ტრადიციები და ამათანავე მიიღეს ახალი ისე, რომ არ შეუქმნეს საფრთხე ძველს.
ამრიგად, ვფიქრობ, მოსაზრება რომ გლობალიზაცია საფრთხის შემცველია რეალობას მოკლებული არ არის, მაგრამ თუ ჩვენ თვითონ არ გვენდომება, რომ წეს-ჩვეულებები დავივიწყოთ და ამ პროცესიდან მხოლოდ სასარგებლო სიახლეს გადმოვიღებთ, გლობალიზავია მხოლოდ დადებით პროცესად შეიძლება ჩაითვალოს.

საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება საომარი მოქმედებების გარეშე შეუძლებელია.

უძველესი დროიდან დღემდე მსოფლიოს უამრავი დაპირისპირება ახსოვს. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო და ეროვნული ისტორიის სახელმძღვანელოებისა და ისტორიული წყაროების უმრავლესობა ერების სიდიადის წარმოჩენის მთავარ აქცენტს ომების როლზე აკეთებს, წარსულში უამრავი შემთხვევა ყოფილა, როდესაც ხალხმა კონფლიქტის მოგვარების საქმეში ძალადობრივ ომს სხვა მეთოდები არჩია. დღეს, როცა აღარ ვცხოვრობთ ბრძოლების გარემოცვაში, ურთიერთობების მოგვარების არაძალისმიერი მეთოდი - სიტყვიერი მოლაპარაკება ასრულებს მნიშვნელოვან როლს მხარეთა შეთანხმებაში.
ის, რასაც საომარი მოქმედებების გარეშე დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება ჰქვია, ადვილი და ყოველთვის მიღწევადი არ არის, მაგრამ არც შეუძლებელი და არარსებული, რადგან უახლესი ისტორია ამის ბევრ მაგალითს გვინახავს. არაძალადობრივი ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი მაჰათმა განდის მიერ ინდოეთში ათწლეულების მანძილზე წარმოებული ბრძოლაა, რომელმაც ბოლოს ბრიტანეთის იმპერია აიძულა, ინდოეთის ოკუპაციაზე უარი ეთქვა. განდიმ მშვიდობიანი გაფიცვისკენ მოუწოდა ხალხს.ადგილობრივი მრეწველობის აღორძინების მიზნით,მან ბოიკოტი გამოუცხადა ბრიტანულ ნაწარმს. პროტესტმა შედეგი გამოიღო-1947 წელს ინდოეთი დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა. ასევე ძალიან საინტერესოა ეკვადორისა და პერუს შემთხვევა, როცა 1941 წლის ომის შემდეგ კონფლიქტი წარმოიშვა სასაზღვრო ზოლთან დაკავშირებით. 1998 წელს სახელმწიფოების პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს სამშვიდობო ხელშეკრულებას. მას შემდეგ, რაც შეთანხმებას მოეწერა ხელი ამ ორ ქვეყანას შორის, აღნიშნულ სადავო ტერიტორიასთან დაკავშირებით, აღარ ყოფილა არც ერთი შეიარაღებული კონფლიქტი.
არაძალადობრივი ბრძოლა გარკვეული სტრატეგიით, ძალადობის გარეშე, სიტყვითა და გონებით წარმოებული ომია, რომელიც ბევრად უფრო სამართლიანია და ყველას უტოვებს გამარჯვების მოპოვების შანსს. ჩვენს ქვეყანაშიც, რომელსაც დაკარგული აქვს ტერიტორიები, რომელმაც თავის თავზე გამოცადა ძალადობის სისასტიკე, რომელსაც დღემდე ახსოვს ომისგან მოყენებული ფიზიკური თუ მორალური ზარალი, რწმენა იმისა, რომ დაკარგულის დაბრუნება მსხვერპლის გარეშეა შესაძლებელი, უდიდეს იმედსა და ბიძგს მოგვცემს...

საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ მარიხუანა ნარკოტიკი არ არის და მისი დეკრიმინალიზაცია მხოლოდ სიკეთის მომტანია ქვეყნისთვის.

უკანასკნელი წლების განმავლობაში მსოფლიოს მთელ რიგ ქვეყნებში არაერთხელ დასმულა საკითხი მარიხუანის, როგორც ”მსუბუქი  ნარკოტიკის” ლეგალიზაციის შესახებ. დღემდე, ჩვენს ქვეყანაში საზოგადოების აზრი ორ ნაწილად იყოფა: ერთნი ამტკიცებენ, რომ ის ნარკოტიკი საერთოდ არ არის, ამიტომ მიღებაც საზიანო არაა და მისი ლეგალიზაცია ქვეყანას მხოლოდ სიკეთეს მოუტანს. მე კი იმ მეორე ნაწილს ვეკუთვნი, რომელიც არ ეთანხმება ზემოთქმულს, რადგან, ვფიქრობ, რომ ჩვენს ქვეყანას არ აქვს საამისო მზადყოფნა, და მარიხუანა მხოლოდ დადებითი შედეგებს არ მოიტანს.
პირველ რიგში, იმის თქმა, რომ მარიხუანა უვნებელია, სულაც არ არის მართებული. მის უამრავ უარყოფით თვისებათა შორის უმნიშვნელოვანესია, რომ აუარესებს ყურადღების კონცენტრაციას, ხელს უშლის სიტუაციის ადეკვატურად შეფასების უნარს, რამდენადაც ხელს უწყობს რელაქსაციის პროცესს, იწვევს უზრუნველ მდგომარეობას. აბა წარმოვიდგინოთ, რომ ყველა ასეთი ემოციების ქვეშ მოექცა. ეს ხომ უკიდურესად ცუდ გავლენას მოახდენს ადამიანებზე, მათ ქმედითუნარიანობაზე. მაშინ სრულიად უმოტივაციო, უუნარო ადამიანებს მივიღებთ, რომლებიც წარმოსახვითი სამყაროს ტყვეობაში იცხოვრებენ. ჩვენ კი ნამდვილად არ გვჭირდება ასეთი მომავალი თაობა!
აუცილებლად გამოჩნდება, ვინც შეგვეკამათება, და დაგვისახელებს ჰოლანდიას, რომელშიც წარმატებით მოხდა მარიხუანას ლეგალიზაცია და არ გამოუწვევია მძიმე შედეგები. მაგრამ გვავიწყდება, რომ მოსახლეობის რეაქცია, ვერ იქნება ისეთივე, როგორიც კონკრეტულ ერთ ქვეყანაშია და ყველა სახელმწიფოში  ვერ დამთავრდება ისეთი წარმატებით, როგორც ეს ჰოლანდიაში მოხდა. იმისათვის, რომ ადამიანები მიეჩვიონ ლეგალურ ნარკოტიკებს, ამისთვის საჭიროა მისი მოხმარების  განსაზღვრული კულტურა, (ანალოგიური, როგორიცაა მაგალითად ალკოჰოლური სასმელების  მოხმარების კულტურა) რაც, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ დაბალია...ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რთულია ვთქვათ, რომ მარიხუანას დეკრიმინალიზაცია რამეში მაინც წაადგება ქვეყანას, ის კონტრარგუმენტიც, რომ ამან შეიძლება კრიმინალის დონე შეამციროს, ვერ გადაწონის იმ ზიანს, რომელიც მან ადამიანებს, მათ ფსიქიკურ მდგომარეობას შეიძლება მიაყენოს.
ამრიგად, ნებისმიერმა ჩვენგანმა უნდა ვუთხრათ არა ნარკოტიკებით გაბრუებულ მომავალ თაობას და მხოლოდ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაზე ვიზრუნოთ!

საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ მასმედია ინდუსტრიაა და შესაბამისად თავისუფალი ვერ იქნება.

მედია სულ უფრო დიდ როლს ასრულებს თანამედროვე საზოგადოებაში, სულ უფრო მეტად იჭრება ცხოვრების ყველა სფეროში და მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს მის ხასიათს. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ის დამოუკიდებელი იყოს და ადამიანებს ობიექტურ სინამდვილეს აცნობდეს. თუმცა დღევანდელ სამყაროში, როცა ყველაფერი, მათ შორის მედიაც, ინდუსტრიის ნაწილია, რთულია შეინარჩუნო მიუკერძოებლობა და არ მოექცე სხვადასხვა გავლენის ქვეშ.
მედიის ნებისმიერ საშუალებას სჭირდება არსებობის წყარო, მაგალითად, რეკლამა. ამ მხრივ, მედია გარკვეულწილად დამოკიდებული ხდება დამკვეთზე, მის ინტერესებს ემსახურება. უამრავი გამოკითხვა ჩატარებულა საზოგადოებაში ტელევიზიების ნდობის დასადგენად. აღსანიშნავია, რომ ნაკლებად დამოუკიდებლად მიაჩნიათ უფრო რეიტინგული ტელევიზიები (მაგ.:"რუსთავი 2" "იმედი"), ხოლო შედარებით დამოუკიდებლად არც ისე ყურებადი ტელევიზიები ("აჭარა", "კავკასია"..). ამდენად, მედიას შეუძლია ობიექტურობის შენარჩუნება იმ შემთხვევაში, თუ უარს იტყვის დამფინანსებლებზე, თუმცა დღევანდელ კონკურენტულ სამყაროში ამგვარი პოზიცია არ მოგიტანს რეიტინგს და მცირე აუდიტორიისთვის არსებული მედია განწირულია. მეტად განვითარებულ ქვეყნებში, ეკონომიკური პროდუქტიულობა წინ უძღოდა მედიის ზრდას და პრესის თავისუფლების მაღალ ხარისხს. მაგრამ ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში ასე არ ხდება. ამიტომ, ჩვენთვის საინტერესოა აფრიკის მაგალითი, სადაც შექმნილია ორგანიზაცია- ,,აფრიკული მედიის ინიციატივა”. ევროპის ქვეყნებს ჰქონდათ მცდელობა გაეუმჯობესებინათ აფრიკული მედია, ამისთვის 300 მილიონი დოლარის ოდენობით ინვესტიცია განხორციელდა. ვფიქრობ ამ გამოცდილების ხარჯზე, მხოლოდ მედიის დახმარების სახელმწიფო ფონდების შექმნის შემდეგ თუ შეიძლება მის დამოუკიდებლობაზე ფიქრი.
ამდენად, მედია არასდროს არის თავისუფალი და დამოუკიდებელი იმ ელიტისგან, რომელიც მას ფინანსურად აკონტროლებს. ობიექტურობის შენარჩუნება არაა ადვილი და მომგებიანი, შესამაბისად დამოუკიდებელი მასმედია იშვიათია...

საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო კანონმდებლობის მორჩილებაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი მორალის დაცვაა.

სახელმწიფოს კანონები და ადამიანური მორალი - უპირისპირდება თუ არა ეს ორი ცნება ერთმანეთს, უშლის თუ არა ხელს ერთ-ერთის დაცვა მეორის აღსრულებას? სამართალი -  ეს არის დაწერილი კანონები, რომლებიც საზოგადოებრივ წესრიგს უზრუნველყოფს. მორალი კი დაუწერელი ქცევის წესებია, რომელსაც საზოგადოება ქმნის. შეიძლება ითქვას, რომ მორალის დანიშნულებაა შეავსოს სამართლის მიერ დადგენილი აკრძალვები თუ ფასეულობები. რადგანაც ეს უკანასკნელი ვერ იქნება ამომწურავი და ვერ დაარეგულირებს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა ასპექტს. თავისთავად არასწორიცაა, ჩემი აზრით, დაწერილი კანონი განსაზღვრავდეს ადამიანურ ურთიერთობებს. მაგრამ საინტერესოა, რომლის დაცვაა მეტად მნიშვნელოვანი ან სად გადის ის ოქროს ზღვარი, რომლითაც თითოეული ჩვენგანი შეძლებს ერთდროულად სიმართლის დაცვასა და ადამიანობის შენარჩუნებას?
არჩევნის გაკეთება ამ ორს შორს, ვფიქრობ, ყველაზე მეტად მაინც მათ უჭირთ, ვინც უშუალოდ ემსახურება სამართალს. ძალიან მტკივნეული მაგალითია იმ უახლესი მოვლენების გახსენება, რომლებიც ბათუმში პოლიციელის მიერ მოქალაქისთვის ჯარიმის დაწერას მოჰყვა. ერთი მხრივ, საკანონმდებლო თვალსაზრისით, პატრულის თანამშრომელი უდავოდ მართალია, თუმცა თუ ოდნავ ირაციონალურად დავიწყებთ ფიქრს, შეიძლება დავასკვნათ, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, გარკვეული გარემოებების გამო, შეიძლებოდა თვალის დახუჭვა და მეტი ადამიანობის, თანაგრძნობის გამოჩენა. ნებისმიერი ასეთი სიტუაცია ერთგვარი დილემაა. კონკრეტულ შემთხვევაში პიროვნება დგას არჩევანის წინაშე, გაკიცხულ იქნას საზოგადეობის მიერ და გამართლებული დარჩეს კანონის მიხედვით ან პირიქით. მე მაინც ვფიქრობ, რომ ჩვენ, ყველა, პირველ რიგში, ვართ ადამიანი და შემდეგ ექიმი, მასწავლებელი, მოსამართლე თუ პოლიციელი. რა თქმა უნდა,  ვალდებულები ვართ დავემორჩილოთ კანონს, თუმცა ყოველთვის არსებობს და საჭიროცაა, არსებობდეს მცირე გამონაკლისები, რომლებიც შეგვახსენებს ზუსტად იმას, რომ ადამიანები ვართ და გვიხსნის იმ დამღუპველი პრაგმატულობისგან, რაციონალიზმისგან.
ამდენად, არჩევანი ჩვენს გულებზე გადის. მე მაინც მგონია, რომ კანონმდებლობიდან მცირე გადახვევა არასოდეს არის იმაზე დიდი დანაშაული, ვიდრე ადამიანობის გზას აცდენა და ღირებულებების ღალატი.

საზოგადოების ნაწილი მომხრეა იმისა, რომ სახელმწიფოში ტარდებოდეს მსოფლიო მასშტაბის მუსიკალური პროექტები, რათა ამ გზით დავეხმაროთ ტურიზმს და გავზარდოთ უცხოელთა ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ.

ტურიზმი, როგორც ეკონომიკური სარგებლის მიღების ერთ-ერთი წყარო, თავისი დანიშნულებით მეტად მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის. რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანას არ აქვს დიდი ტურისტული პოტენციალი, თუმცა ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ არ შეიძლება დამთვალიერებელთა ხელოვნურად მიზიდვა. ამის ერთ-ერთი არაჩვეულებრივი საშუალებაა მსოფლიო მასშტაბის მუსიკალური პროექტების ჩატარება. ვფიქრობ, ეს კარგი გზაა, რომ დავეხმაროთ ტურიზმს, გავზარდოთ ჩვენი ქვეყნის ცნობადობა და უცხოელთა ინტერესი მის მიმართ. მით უმეტეს, რომ ამ საკითხში სახელმწიფომ უკვე გადადგა წარმატებული ნაბიჯები და გვაქვს კიდეც უახლესი წარსულის გამოცდილება.
მაგალითისთვის, გასული წლის აპრილში მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტის "check in georgia" განხორციელება დაიწყო. პროექტი გულისხმობდა მსოფლიო დონის მომღერლების ჩამოყვანას, საქართველოს მასშტაბით 19 ქალაქში კონცერტების გამართვას მთელი წლის განმავლობაში. დაგეგმილი უდავოდ წარმატებით განხორციელდა. ტურიზმის ადმინისტრაციამ ღონისძიებებთან დაკავშირებით ინფორმაცია საერთაშორისო ბაზარზე გაავრცელა. გამოფენების, ონლაინ მარკეტინგის საშუალებით შესაძლებელი გახდა მეტი ადამიანის ინფორმირება. საბოლოოდ კი ამ მარკეტინგული კამპანიის შედეგად მნიშვნელოვნად გაიზრდა კონკრეტული ქვეყნებიდან მოგზაურთა რაოდენობა. უკვე ჩატარებულ კონცერტებს მსოფლიოს სხვადასხვა ადგილიდან ჩამოსული მრავალი ადამიანი დაესწრო და თუ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დავუჯერებთ გასულ წლებთან შედარებით დიდწილად გაზრდილია ტურისტთა რიცხვი.
აქედან გამომდინარე, მუსიკალური პროექტების ჩატარებამ ნამდვილად დიდი დახმარება შეიძლება გაუწიოს ტურიზმს, რამდენადაც ეს ერთ-ერთი გზაა მსოფლიოს ყურადღება მივიპყროთ, გავზარდოთ ინტერესი და შესაბამისად  დამთვალიერებელთა რიცხვი.

საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ პირველ რიგში თვით მსხვერპლმა უნდა ამოიღოს ხმა და არა სოციალურმა სამსახურებმა ან საზოგადოებამ.


ოჯახური ძალადობა არის ოჯახში ერთი წევრის მიერ მეორის უფლებების დარღვევა ნებისმიერი ზეწოლის სახით. ეს არ ხდება ერთ დღეში, ერთ კვირაში, ურთიერთობები დროის განმავლობაში იცვლება და საბოლოოდ შეიძლება მუდმივ ძალადობად ჩამოყალიბდეს. სწორედ იმიტომ, რომ  შემთხვევები ოჯახურ გარემოში ვლინდება, საზოგადოების არც ისე მცირე ნაწილი მიიჩნევს, რომ ასეთ დროს გაჩუმება სჯობს, რადგან 'ეს ოჯახის საქმეა' და პირველ რიგში მსხვერპლმა უნდა ამოიღოს ხმა. მე კი ასეთ შეხედულებას არ ვიზიარებ, რადგან თავს საზოგადოების იმ ინდივიდად მივიჩნევ, რომელიც თანაბრად უნდა იბრძოდეს როგორც საკუთარი, ასევე სხვათა ინტერესების დასაცავად.
დამოკიდებულება 'რა ჩემი საქმეა' სწორი მიდგომა და გამოსავალი არასდროს არის. დიახაც რომ ჩვენი საქმეა, რადგან ჩვენ ერთ მთლიან სამყაროში ვცხოვრობთ, რადგან დღეს თუ მე არ ამოვიღებ ხმას, არ ვიცი რა შედეგი მოჰყვება ამას ხვალ. განსაკუთრებით შემზარავია ისტორია ძალადობის მსხვერპლისა, რომელიც საზოგადოების ამ გულგრილმა დამოკიდებულებამ იმსხვერპლა.  ხანგრძლივი ფიზიკური ძალადობის შემდეგ, 36 წლის ქალბატონი მეუღლემ სიცოცხლეს გამოასალმა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, იტალიურ ეზოში მცხოვრებთათვის ჩვეული ამბავი იყო მეზობლის ბინიდან გამოსული აურზაური და ის ფაქტიც, რომ მეუღლე ქალზე ფიზიკურად ძალადობდა. მეზობლები თვლიდნენ, რომ უფლება არ ჰქონდათ ცოლ–ქმრის ჩხუბში ჩარეულიყვნენ, რადგან მეუღლეების ჩხუბი მხოლოდ „მათი პირადი საქმეა“.  აი, ამ მიდგომამ ადამიანის სიცოცხლეც შეიწირა და სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ჩატარებული გამოკვლევები გვიჩვენებს, დაახლოებით გამოკითხულთა 25% თვლის, რომ ოჯახში ძალადობა მხოლოდ ოჯახის საქმეა და გარეშე პირებს მასში ჩარევის უფლება არ აქვთ. მე კი დანამდვილებით შემიძლია იმის თქმა, რომ პასუხისმგებლობა ჩვენზე, გარშემომყოფებზეა, არავინ იცის, რა ხდება მსხვერპლის გულში, რატომ ვერ ამბობს, რატომ ვერ რისკავს, როგორ უნდა სიმართლის თქმა, მაგრამ რა აშინებს, ამიტომ ვფიქრობ, გვაქვს უფლება ასეთ შემთხვევაში გავაკეთოთ ის, რაც უკეთესია, მივმართოთ სოციალურ სამსახურებს, გამოვიჩინოთ მცირედი ყურადღება მაინც, იქნებ ჩვენ ვინმეს სიცოცხლეც კი ვიხსნათ...
ამდენად, მიმაჩნია, რომ ოჯახური ძალადობის ხილვისას გაჩუმება უზომოდ სარისკოა და ასეთ დროს უმოქმედობით ჩვენ უკვე ვმოქმედებთ და საფრთხეში ვყრით ადამიანებს...

არსებობს მოსაზრება, რომ ქართული საჯარისო ნაწილები არ უნდა მონაწილეობდნენ სამშვიდობო ოპერაციებში, რადგან ასეთი მცირერიცხოვანი ერისათვის ეს უაზრო რისკია.

საქართველოს მონაწილეობა საერთაშორისო მისიებში ხშირად გამხდარა საზოგადოებრივი მსჯელობის საგანი დადებით თუ უარყოფით კონტექსტში.  სწორედ ნატოს პოლიტიკის უსიტყვო მხარდაჭერა და მის მისიებში მონაწილეობაა მასთან დაახლოების ერთ-ერთი გზა, რაც ჩვენთვის პრიორიტეტულია. დასავლური ინტეგრაციის და ჯარის ბრძოლისუნარიანობის ამაღლების სურვილი გვიბიძგებს ასეთ ოპერაციებში მონაწილეობისკენ, თუმცა არ უნდა დავივიწყოთ ამ ყველაფრის მეორე მხარე და ის არასასურველი შედეგები, რომელთა წინაშეც შეიძლება აღმოვჩნდეთ.
სამშვიდობო მისიებში მონაწილეობა საკმაოდ სახიფათო საქმიანობაა. საქართველო კი 1999 წლიდანაა ჩართული და ბევრგან მიუღია მონაწილეობა: კოსოვო, ერაყი, ავღანეთი...ამ მონაწილეობის მანძილზე დიდი მსხვერპლის გაღება გახდა საჭირო, დაიღუპა 29 და დაიჭრა ბევრად მეტი, რაც არც ისე უმნიშვნელო მაჩვენებელია ისეთი  პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. დანაკარგის გარდა, ვფიქრობ, ასევე მიუღებელია კონტიგენტის სიდიდე. ფაქტია, რომ ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანი და სწრაფვა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, ქვეყანას გარკვეულ ვალდებულებებსაც აკისრებს, მაგრამ ჩვენ ყველაზე დიდი კონტიგენტი გვყავს არაწევრ ქვეყნებს შორის და თითქოს იმაზე მეტ ვალდებულებას ვიღებთ, ვიდრე გვაკისრია. მაგალითად, ნატოს ბევრ წევრს გაყვანილი ყავს ჯარები საბრძოლო ბაზებიდან, არაწევრ აზერბაიჯანს კი მხოლოდ 90 სამხედრო ჰყავს გაგზავნილი და ისიც არასაბრძოლო ოპერაციებისთვის. ამასთანავე ისიც საკითხავია, არის თუ არა ეს მისიები მართლა სამშვიდობო, როგორც მას იხსენიებენ? რამდენად ღირს ადამიანების ხოცვაში მონაწილეობის მიღება და სისხლის ფასად დამყარებული "დემოკრატია"? ასეა თუ ისე, წარსულის გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ საქართველოსგან გაღებულმა მსხვერპლმა ვერ უზრუნველყო დახმარება თუნდაც 2008 წლის აგვისტოში. როდესაც ჩვენს ქვეყანას განსაკუთრებით უჭირდა, დასავლეთს არ გამოუჩენია სათანადო ყურადღება...
ამდენად, საქართველოს არ გააჩნია არანაირი გარანტია იმისა, რომ საჭიროების შემთხვევაში მივიღებთ თავგანწირვის საზღაურს. ხოლო სანამ ეს გარანტია არ გვექნება, ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნისთვის უაზრო რისკია ასეთი თავდადება!

საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეგრეთწოდებული დაუწერელი კანონები ხელს უშლის თავისუფალი აზროვნების ჩამოყალიბებას, რადგან თავისთავად სტერეოტიპებითა და მავნე ტრადიციებით არის გაჯერებული.

ყველა ერის ცხოვრებაში არსებობს რაღაც გამორჩეული შეხედულებები, წარმოდგენები, რომლებიც შემდგომ დაუწერელ კანონებად ყალიბდება. მაგალითად, ყველგან მიღებულია, რომ ჩვენზე უფროს ადამიანს განსაკუთრებით ზრდილობიანად, პატივისცემით უნდა მოვექცეთ. ეს უბრალოდ იმ ეთიკურ-მორალური კოდექსის ნაწილია, რომელიც მთლიანად ამგვარი დაუწერელი კანონებისგან შედგება. მართალია, ასეთი კანონების დარღვევის შემთხვევაში ჩვენ ბრალს ვერავინ წაგვიყენებს, თუმცა ამ წესებს ჩვენ მაინც ვიცავთ მეტ-ნაკლებად, რადგან ამ გავლენებით ვიზრდებით და ამ შეხედულებებით. თუმცა, სამწუხაროდ, გვაქვს მავნე ტრადიციებიც, რომლებიც სტერეოტიპებითაა გაჯერებული, ასევე დიდი გავლენა აქვს ჩვენს ცნობიერებაზე და ხელს უშლის თავისუფალი აზროვნების ჩამოყალიბებას.
ჩემი აზრით, ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი გენდერული თანასწორობის პრობლემაა. არც ისე დიდი ხნის წინ, წამოიწყეს საინტერესო კამპანია: გამოარჩიეს  ყველაზე გავრცელებული სტერეოტიპები და საჯაროდ დაგმეს ქალაქის ქუჩებში გაკეთებული წარწერებითა თუ სატელევიზიო რეკლამებით. აი რამდენიმე მათგანი: „გოგოს რად უნდა ამდენი სწავლა!“; „ოჯახის რჩენა მხოლოდ კაცის საქმეა!“ „ქალი და ლიდერი?!“; „პოლიტიკა რა ქალის საქმეა!“; „კაცია და გადაწყვიტოს!“. დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ამ სტერეოტიპებით ცხოვრება განსაკუთრებით მოქმედებს ჩვენზე. თუ ბავშვი იზრდება ოჯახში, სადაც ქალსა და მამაკაცს თანაბრად არ აქვს გადანაწილებული მოვალეობები და უფლებები, მოზარდი ამ ტენდენციების ერთგული დარჩება და ასევე წარმათავს თავის ცხოვრებას. ანდა, თუნდაც თუ გოგონას მუდმივად ესმის, რომ შეუძლებელია ქალი ლიდერი გახდეს, მისი ადგილი მხოლოდ სახლშია, მისგან ვერ გამოვა წარმატებული ადამიანი, მაშინ როგორ შეიძლება მას გაუჩნდეს რაიმე მისწრაფება ან სურვილი რომ იბრძოლოს მიზნებისთვის? თუ ყოველთვის ვიცით, რომ ნებისმიერი მსჯელობისას ძლიერი სქესის აზრი გაიმარჯვებს, მაშინ რაღა აზრი ექნება ჩვენს შეხედულებებს? ისეთ გარემოში, რომელიც მხოლოდ ასეთი გავლენებით იღებს გადაწყვეტილებებს, დანაშაულად შეიძლება ჩაითვალოს სხვანაირად ფიქრი და არც არავის გაუჩნდება სურვილი, იფიქროს და იაზროვნოს სხვაგვარად.
ამდენად, დაუწერელ კანონებს შეუძლია დიდი ზიანის მოყენება, თუ ის მიუღებელი სტერეოტიპებითაა გამსჭვალული. ეს ყველაზე ძლიერი და ცუდი გავლენაა, რომელიც შეიძლება საზოგადოებას ჰქონდეს ადამიანის ცნობიერებაზე.

წარმოდგენა, თითქოს, მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი ადამიანებს თრგუნავს წარსულს ჩაბარდა. დღეს უნდა ვაღიაროთ, რომ ტექნიკამ ადამიანი თავისუფალი გახადა და მას ახლა ყველაზე მეტი საშუალება აქვს იყოს ის, რაც არის.

ის, რაც წლების წინ წარმოუდგენლად ეჩვენებოდა ადამიანს, დღეს უკვე რეალობაა. ყველას გამოგვიყენებია მობილური ტელეფონი, ინტერნეტი, შესაძლოა გვიმგზავრია თვითმფრინავით ან გამოგვიცდია მედიცინის საოცარი მიღწევები -  ჩვენ თვალწინ არის მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი - ერთგვარი რევოლუცია ადამიანების ცხოვრებაში. ისევე, როგორც ყველა სიახლე, ეს წინსვლაც საფრთხისშემცველი ჩანდა: თითქოს, ის თრგუნავდა ადამიანებს, ხელს უწყობდა მათ იზოლირებას ვირტუალურ სამყაროში. დღეს კი ეს შეხედულება მეტნაკლებად აღარ არსებობს, რადგან ნათლად გამოჩნდა როლი ტექნიკისა ადამიანების ცხოვრებაში.
ადამიანმა დღეს ტექნიკა თავის დამხმარედ აქცია. აღნიშვნაც არ სჭირდება, რამდენად დიდი როლი აქვს მას ყოველდღიურ ცხოვრებაში. მაგრამ საოცარია ისიც, რომ ადამიანები მას წარმატებით იყენებენ პროფესიულ საქმიანობაში, ისინი თავისუფლები არიან და საშუალება აქვთ აკეთონ წარმოუდგენელი, იყვნენ ისინი, ვინც რეალურად არიან და უსაზღვრო შესაძლებლობების ზღვაში აღმოჩნდნენ. მაგალითად, განსაკუთრებულ სიმაღლეზეა დღეს მედიცინა. მეცნიერულ-ტექნიკურმა პროგრესმა ამ სფეროში საშუალება მისცა ნებისმიერ მსურველს შრომის, სწავლის ხარჯზე მიაღწიოს საუკეთესო პროფესიულ წლებს და თვითონვე იყოს მონაწილე ძირეული გადატრიალებებისა სამედიცინო საქმიანობაში. რამხელაა თავად მეცნიერების სამუშაო არეალი - მათ ყველანაირი საშუალება აქვთ იკვლიონ, ეძებონ, რაღაც წარმოუდგენელსაც ჩასწვდნენ, აუხსნელი ახსნან. ჩვენს ქვეყანაში მუდმივად ტარდება ხოლმე ახალგაზრდა გამომგონებელთა კონკურსები. ამით ახალი თაობა რაღაც ახალ თავისუფლებას იღებს, საზღვრებს არღვევს. გამარჯვებულები უდიდეს მხარდაჭერას იღებენ, რათა შესაძლებლობები გამოამჟღავნონ, ქვეყანას, მსოფლიოს სარგებელი მოუტანონ და მეცნიერული საქმიანობა უფრო მაღალ დონეზე აიყვანონ.
ამდენად, მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი იძლევა წინააღმდეგობებისა და სირთულეების გადალახვის საშუალებას, ის თითოეულ ადამიანს ანიჭებს საკუთარი თავის აღმოჩენის შესაძლებლობას.

საქართველოს ტურიზმის პოტენციალი ნამდვილად აქვს, ოღონდ არა იმ მასშტაბისა, რომ ტურიზმი ქვეყნის ეკონომიკის წამყვან დარგად იქცეს.

ადგილობრივი ტურიზმის განვითარება ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის საწინდარია. ჩვენს ქვეყანას, უდავოდ, აქვს ტურიზმის დიდი პოტენციალი, მაგრამ ეკონომიკის ამ დარგის განვითარება პრობლემურია იმდენად, რამდენადაც ამას ჯაჭვურად უკავშირდება ადგილობრივი ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, სოფლის მეურნეობის აღორძინების, კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობისა თუ ბუნების დაცვის საკითხები.
საქართველოს უდიდესი ტურისტული პოტენციალი რომ გააჩნია ეს უცხო და ახალი არავისთვის არაა. თუმცა ეს უძველესი ქვეყანა,ტურისტებისთვის ჯერ კიდევ ძალიან ახალი და აღმოუჩენელია. ტურიზმი ხომ სწორედ ის სფეროა, რომელშიც წარმატება სწორედ იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად შეძლებს ქვეყანა ტურისტის მოთხოვნების დაკმაყოფილებას. მაგალითად, საფრანგეთს საშუალოდ წელიწადში 80 მილიონამდე ტურისტი სტუმრობს. ის, რომ ქვეყანა მსოფლიოში გამორჩეულია თავისი ღირსშესანიშნავი ადგილებით, ახალი არაა, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საფრანგეთში ასევე კარგადაა განვითარებული მომსახურების სფეროს დარგები, რაც კიდევ უფრო იზიდავს დამთვალიერებელს. რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის მაგალითს,  ჩვენთან არსებული არასასურველი პირობები პირდაპირ აისახება ტურიზმის განვითარების დონეში. საერთაშორისო კვლევებით, საქართველო იმ ქვეყანათა რიცხვს მიეკუთვნება, სადაც დასვენება ყველაზე ძვირია. მრავალ პრობლემას აწყდება ტურისტი უშუალოდ დანიშნულების ადგილზე ჩასვლის შემდეგაც (მაგალითად, მთიან რეგიონებში სასტუმროების, გადაუდებელი დახმარების პუნქტების პრობლემა). ჩემი აზრით, ფინანსების სწორად მობილიზების გზით შეიძლება ამ ნაკლოვანებების დაძლევა. დაბალი ფასები, განვითარებული ინფრასტრუქტურა, სატრანსპორტო საშუალებები, უკეთ მომზადებული მომსახურე პერსონალი - ალბათ, ის მინიმუმია რისი შეთავაზებაც ქვეყანას ტურისტისთვის უნდა შეეძლოს...
ამრიგად, ჩემი შეხედულებით,  ეკონომიკის სხვა, მეტად განვითარებული დარგები უნდა იქცეს ტურისტული სფეროს განვითარების ძლიერ საძირკვლად და როცა ტურიზმი აღორძინდება, შემდგომ ის შეიძლება დაეხმაროს სხვა დარგებს და იქცეს კიდეც წამყვან სფეროდ. ჯერჯერობით კი, სანამ ქვეყანას სხვა დარგები ვერ განუვითარებია, რაც უნდა დიდი პოტენციალის პატრონი იყოს, ტურიზმის წამყვან სფეროდ ქცევა ძალიან რთულია.